არნოლდ ბრეშიელი (1100-1155)

არნოლდ ბრეშიელი (1100-1155) – რადიკალური რელიგიური რეფორმატორი, რომელიც გაბედულად აკრიტიკებდა სამღვდელოებაში ფესვგადგმულ მექრთამეობას და გამოდიოდა ეკლესიის მიერ სიმდიდრის მოხვეჭის წინააღმდეგ. ბრეშიელმა მკაცრი ოპოზიციური მხარე დაიჭირა პაპების საერო ძალაუფლების წინააღმდეგ. ის გახლდათ ბრეშის მონასტრის წინამძღვარი, სადაც 1137 წელს ეპისკოპოს მანფრედის მმართველობის წინააღმდეგ აჯანყებაში მიიღო მონაწილეობა.

იმის გამო, რომ მას სურდა, რეფორმები განეხორციელებინა სამღვდელოებაში და ბოლო მოეღო ეკლესიის საერო ხელისუფლებისთვის, 1139 წელს პაპმა ინოკენტი მეორემ სქიზმაში დასდო ბრალი. იტალიიდან გაძევებული არნოლდი საფრანგეთში გადასახლდა, სადაც ის ცნობილი ღვთისმეტყველისა და ფილოსოფოსის, პიერ აბელარის თანაშემწე გახდა. ბერნარ კლერვოელის ზეგავლენით, საფრანგეთის სანსის საბჭომ ორივე ერეტიკოსებად შერაცხა 1141 წელს. აბელარი დაემორჩილა ზემდგომთა მოთხოვნას, ხოლო არნოლდი მანამ აგრძელებდა თავის სწავლებათა გავრცელებას პარიზში, სანამ ბერნარის დაჟინებით მეფე ლუი VII უმცროსმა 1141 წელს საფრანგეთიდან არ გააძევა. არნოლდი ჯერ ციურიხში და შემდეგ პასაუში (გერმანია) გაემგზავრა. ის კარდინალმა გვიდომ შეიფარა, რომლის შუამდგომლობითაც 1145 წლის სექტემბერში ის შეურიგდა პაპ ევგენი III-ს ვიტერბოში, პაპის ოლქში.

ორი წლით ადრე „renovatio senatus“-მა (“სენატის განახლება”), რომელიც ცდილობდა, თავი დაეღწია ეკლესიის კონტროლისგან, გააძევა ინოკენტი და მისი კარდინალები, აღადგინა უძველესი სენატი და რომი რესპუბლიკად გამოაცხადა.

ევგენიმ არნოლდი რომში გაგზავნა სინანულის მომლოცველობისთვის. იქ ჩასვლისთანავე ამბოხებულებს შეუერთდა და გააგრძელა თავისი ქადაგებები პაპებისა და კარდინალების წინააღმდეგ. 1148 წლის ივლისში ის განკვეთეს. არნოლდის წინააღმდეგობამ პაპის, როგორც საერო მმართველისადმი, ახალი ძალა შთაბერა ამბოხებას და რომაელები მალე არნოლდის გავლენის ქვეშ მოექცნენ.

პაპმა ადრიან IV-მ 1155 წელს რომს ინტერდიქტი დაადო და მოქალაქეებს მოსთხოვა არნოლდის გადაცემა. სენატი დაემორჩილა მოთხოვნას, რესპუბლიკა დაემხო და პაპის მმართველობა აღდგა. გაქცეული არნოლდი წმინდა რომის იმპერატორის ფრედერიკ I ბარბაროსას ჯარებმა დაატყვევეს.

არნოლდი საეკლესიო (საღმრთო) ტრიბუნალმა გაასამართლა. ის ერეტიკოსად  შერაცხეს და სასჯელის აღსასრულებლად იმპერატორს გადასცეს. არნოლდი ჩამოახრჩვეს, მისი სხეული დაწვეს და ფერფლი მდინარე ტიბრის წყალში მიმოაბნიეს.

არნოლდი მტკიცე სულის ასკეტური ადამიანი იყო. მისი მიმდევრები ცნობილნი არიან, როგორც არნოლდისტები. ისინი შეუთავსებლად მიიჩნევდნენ ეკლესიის სულიერებასა და სიმდიდრეს და უარყოფდნენ ეკლესიის საერო ძალაუფლებას. 1184 წელს ვენეციის რესპუბლიკაში ვერონის სინოდმა დაგმო არნოლდისტები.

თანამედროვე პოეტებმა, დრამატურგებმა და იტალიელმა პოლიტიკოსებმა არნოლდის პიროვნება დამახინჯებულად წარმოაჩინეს. სინამდვილეში, არნოლ ბრეშიელი გახლდა რელიგიური რეფორმატორი, რომელიც, გარემოებათა გამო, იძულებული გახდა, პოლიტიკური რევოლუციისათვის ბრძოლა დაეწყო.

You May also Like
ჯიროლამო სავონაროლა (1452-1498)
იერონიმ პრაღელი (1379-1416)
იან ჰუსი (1369-1415)
ჯონ უიკლიფი (1330-1384)
პეტერ ვალდო (1140-1205)

mersin escort